![]() |
|
|
2007 წელი - საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 2005 წელი - თბილისის საავიაციო უნივერსიტეტი 1992 წელი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტი 1968 წელი - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თვითმფრინავმშენებლობის კათედრა |
საქართველოს საავიაციო ტექნიკის წარმოებისა და საფრენოსნო-ტექნიკური ექსპლუატაციის საქმეში დიდი გამოცდილება გააჩნია. ალექსანდრე ქართველიშვილი, გიორგი ბერიაშვილი, რობერტ კინოსაშვილი, ნიკოლოზ მეცხვარიშვილი, ალექსანდრე ნადირაძე, მიხეილ გრიგორაშვილი... ასეთია გამოჩენილ ქართველ ავიატორთა მოკრძალებული ჩამონათვალი რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს მსოფლიო ავიაციის განვითარების საქმეში. საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ბევრ, მის სივრცეში მყოფ ქვეყანას და მათ შორის საქართველოსაც შეექმნათ პრობლემები მფრინავთა და ავიასპეციალისტთა მომზადების საქმეში, რადგანაც საავიაციო კადრების მომზადება ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიდ თანხებთან იყო და არის დაკავშირებული. სწორედ აღნიშნული გახდა მიზეზი იმისა, რომ 90-იანი წლების მიწურულს საქართველოში პროფესორ სერგო ტეფნაძის ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა უმაღლესი საავიაციო სკოლის ჩამოყალიბებას. აღნიშნულ ეროვნულ წამოწყებას მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობამ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსმა დემურ ლელაძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა გოჩა ჩოგოვაძემ. მოვლენების ქრონიკა განვითარდა შემდეგნაირად. 1991 წელს ქ.თბილისის გაერთიანებული ავიარაზმის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის თვითმფრინავმშენებლობის კათედრის ფილიალი, რომლის ხელმძღვანელად პროფესორი სერგო ტეფნაძე დაინიშნა. იმავე წელს განხორციელდა აბიტურიენტთა მიღება ორ სპეციალობაზე: საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია; საფრენი აპარატებისა და ძრავების ტექნიკური ექსპლუატაცია. 1992 წელს თვითმფრინავმშენებლობის კათედრის ბაზაზე ჩამოყალიბდა საავიაციო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, რომლის დირექტორადაც გადაყვანილ იქნა პროფესორი სერგო ტეფნაძე. ინსტიტუტმა იმავე წელს განახორციელა აბიტურიენტთა მიღება ავიაციისათვის საჭირო თითქმის ყველა სპეციალობაზე და მოახდინა სტუდენტთა გადმოყვანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოსწავლე საავიაციო დარგის სტუდენტებისა. ომის ქარცეცხლში გახვეულ ჩვენი ქვეყნისათვის საჭირო გახდა კადრების მომზადება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალებისათვის. საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა პროფესორ ს. ტეფნაძისა და სამხედრო საჰაერო ძალების სარდლის, პოლკოვნიკ იზანი ცერცვაძის ინიციატივას და 1997 წელს საავიაციო ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო-საავიაციო ფაკულტეტი, რომელმაც დღემდე საერთო ჯამში 300-ზე მეტი მფრინავი და ავიასპეციალისტი მოუმზადა სამხედრო-საჰაერო ძალებს. საავიაციო ინსტიტუტის მთელმა შემადგენლობამ ჩვენი ქვეყნისათვის უაღრესად მძიმე პერიოდში მისი დაარსებიდან მოკლე დროში პროფესორ სერგო ტეფნაძის უშუალო ხელმძღვანელობით დიდი ენთუზიაზმის, მიზანდასასხული და დაუღალავი შრომის შედეგად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში თანამედროვე საავიაციო განათლების მძლავრ კერას. შეიქმნა, თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. უნივერსიტეტის სტრუქტურაში გარდა აღნიშნული სამხედრო საავიაციო ფაკულტეტისა ჩამოყალიბდა საავიაციო კოლეჯი, სასწავლო-საფრენოსნო ცენტრი, ავიასპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტი, სადაც განუწყვეტლივ იმაღლებს პროფესიული ცოდნის დონეს ავიაკომპანიების როგორც მფრინავი შემადგენლობა ასევე საინჟინრო ტექნიკური პერსონალი. მიუხედავად აღნიშნული მიღწევებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენი ქვეყანა მკვეთრად აქტიური აღმშენებლობის გზას დაადგა, საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლებში არაერთხელ აღნიშნა ავიაციის სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ და შესაბამისად თანამედროვე სტანდარტების დონეზე დასავლური ტიპის საჰაერო ხომალდებზე მფრინავთა და ავიასპეციალისტთა მომზადების აუცილებლობაზე. საქართველოს პრეზიდენტის უშუალო თანადგომით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უდიდესი მხარდაჭერით, სქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტის ბაზაზე, 2005 წელს ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, რომელმაც წარმატებით გაიარა უმაღლესი საგანმათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო აკრედიტაცია და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად განახორციელა აბიტურიენტთა პირველი მიღება 2006/2007 სასწავლო წლისათვის. დღეისათვის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს შვიდი ფაკულტეტი, რვა კათედრა და სხვა აუცილებელი სტრუქტურები. უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირები გააჩნია და წარმატებით თანამშრომლობს ქ.კიევის სამოქალაქო ავიაციის ნაციონალურ უნივერსიტეტთან, ხარკოვის საავიაციო უნივერსიტეტთან, სანკტ-პეტერბურგის სამოქალაქო ავიაციის აკადემიასთან, ქ. კლაუსტალის ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ავიამშენებელ გიგანტ კორპორაცია ”ბოინგთან” და სხვა. მიღწეულია შეთანხმებები სხვადასხვა ქვეყნებიდან სასწავლებლად უცხოელ სტუდენტთა მოზიდვის თაობაზე, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო აამაღლებს უნივერსიტეტის პრესტიჟს და გაზრდის მის მომავალ პერპექტივებს.
|
|
|